შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, მდინარე ენგურზე დაღუპულთა ოჯახებს მთავრობა ფინანსურად დაეხმარება. მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ ოჯახების მხარდაჭერა ტრაგედიის პირველივე დღიდან დაიწყო.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გასწია პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი დახმარება ერთჯერადად და საქართველოს მთავრობა მათი საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე რა თქმა უნდა განაგრძობს ზრუნვას ამ ოჯახების, თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. ამასთანავე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარებას", — განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. შავი გზებით გადმოსვლის მცდელობას 7 აპრილს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მდინარემ თამუნა ცატავას, გვალია ელგუჯას, მაყვალა გამისონიასა და თამაზ ბასლანძის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩამოთვლილი ადამიანებიდან თამუნა ცატავას, ორი არასრულწლოვანი, 8 წლის ანრი და 5 წლის ეთერი, ელგუჯა გვალიასა და მაყვალა გამისონიას კი 7 წლის ილია დარჩათ.

ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

"19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან", — განაცხადეს საბჭოს სხდომაზე.

ენგურის ხიდი, რომელიც გალელებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა. აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა ჰუმანიტარული მიზნით გახსნა, რათა მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

ხიდი, ასევე, გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე იმ პირებისთვის, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.

გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა და დღემდე არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებთ.

აფსნიპრესის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატქო ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან პირველ აპრილამდე გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ერთ წელზე მეტია დაახლოებით ამდენივე ადამიანს ყოფითი პრობლემები ყოველდღიურად ექმნება.

გაიგეთ მეტი: