NASA-ს მოხეტიალე — Perseverance ისტორიის წერას განაგრძობს. ამ ექვსბორბლიანმა რობოტმა მოახერხა და მარსის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. ამ ინსტრუმენტს არამხოლოდ შეუძლია მომავლის ასტრონავტები მარსზე ჟანგბადით მოამარაგოს, არამედ შეიძლება მოხსნას დედამიწიდან ჟანგბადის გადაზიდვის საჭიროება.

პირველ ჯერზე ტექნოლოგიამ 5 გრამი ჟანგბადის წარმოება შეძლო, რაც ადამიანის სუნთქვისთვის, ნორმალური აქტივობის პირობებში, 10 წუთის სამყოფი მარაგია. პროექტის ინჟინრები მომავალში ახალი ტესტების ჩატარებას და მეტი ჟანგბადის შექმნას გეგმავენ.

NASA-მ არამიწიერი აღმოჩენების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა — სააგენტომ, ისტორიაში პირველად, სხვა პლანეტაზე შეძლო კონტროლირებადი ფრენის განხორციელება. Ingenuity შვეულმფრენი მარსის ცაში 19 აპრილს აფრინდა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მარსზე Perseverance მოხეტიალესთან ერთად გაგზავნეს. ის შეაგროვებს მონაცემებს ფრენის დროს, შემდეგ გადასცემს მოხეტიალეს, რომელიც, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას დედამიწაზე გამოგზავნის. შვეულმფრენის საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ აღმოჩინონ მწვერვალები და გამოქვაბულები, რომლებსაც მოხეტიალეები ვერ აღწევენ.

ეს წელს აშშ-ს მიწიდან განხორციელებული პირველი ფრენაა და ამასთან, პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტრონავტები კოსმოსში აქამდე უკვე გამოყენებული ხომალდით გადიან. Dragon-ის კაფსულა Falcon 9-ის რაკეტამ გაუშვა.

კაფსულა, სახელად Endeavour, 2020 წლის მაისის მისიის დროს გამოიყენეს, ხოლო რაკეტა ნოემბერში.

Apple-მა წლის პირველი ღონისძიება 20 აპრილს გამართა და საკმაოდ დატვირთულიც გამოუვიდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი შემოგვთავაზა: ახალი iPad Pro, განახლებული iMac, სრულიად ახალი მოწყობილობა — AirTag და ბევრი სხვა.

გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რის თანახმადაც, შესაძლოა, მივიღოთ წამლები, რომლებიც ზედმეტი შიმშილის შეგრძნებას "გათიშავენ".

კვლევამ აჩვენა, რომ სეტმელანოტიდი (Imcivree), რომელსაც ჭარბჭონიანობასთან საბრძოლველად იყენებენ, მოქმედებს MC4-ზე და ახალი მეთოდი საჭიროების შემთხვევაში, ამ რეცეპტორების "გათიშვის" საშუალებას მოგვცემს. ეს ჭარბჭონიანობის პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.

მეცნიერებმა ურანის ყველაზე მსუბუქი ატომი შექმნეს, რომლის ბირთვშიც 122 ნეიტრონია. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი U-238-ის ატომბირთვი 146 ნეიტრონისა და 92 პროტონისგან შედგება.

ურანის ახალი იზოტოპი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრებმა — ჟიუენ ჩანმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს. ამისთვის მათ ვოლფრამის ნიმუშების ბომბარდირება კალციუმითა და არგონით მოახდინეს.

ურანის ულტრა მსუბუქი იზოტოპი, შესაძლოა, უფრო ეფექტიანი წყარო აღმოჩნდეს ბირთვული ენერგიის გენერატორებისთვის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.