მანგანუმის მომპოვებელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ანაზღაურების 250 ლარით მატებას სთავაზობს. კომპანიის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს.

"ამას მოწმობს, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა. უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 01 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხში მოქცევის პირასაა.

კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსესუსის მიღწევაზე. კომპანია ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღრავს რა მის დასაქმებულებს, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროფკავშირებთან. შედგა არაერთი შეხვედრა. თუმცა პროფკავშირების მხრიდან იყო არაკონსტრუქციული და არაადეკვატურად მაღალი მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ჩვენი შეთავაზებაა თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატება, რისი ფინანსური რესურსის მობილიზებას კომპანია და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები მოახდენენ მოქმედი და დაგეგმილი არაპროფილური აქტივობებისა თუ სოციალური პროექტების შეჩერების ხარჯზე, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ", — წერია ჯორჯიან მანგანეზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ შეთავაზებას კომპანია აფასებს, "როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევას, რომელზეც კომპანია პროფკავშირების აქტიური ჩართულობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიდის".

კომპანია, ასევე, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიმდინარე პროცესში მონაწილე თითოეულ პირს კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.

გაფიცულმა მაღაროელებმა On.ge-ს უთხრეს, რომ ხელფასის 25%-ით გაზრდა მათთვის მიუღებელია. ისინი ანაზღაურების 50%-ით მომატებას ითხოვენ.

სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჭიათურაში მაღაროელები კვლავ გაიფიცნენ. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა, გივი შერგილაშვილმა On.ge-ს უთხრა, მათი მოთხოვნები ხელფასების 50%-ით გაზრდა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაა.