საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საზღვრებთან დეესკალაციის ნაბიჯებს მიესალმება.

"საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს იგივე შეშფოთებას სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ეფექტური აღმოჩნდა", — წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

22 აპრილს რუსეთის ფედერაციამ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, ყველა მიზანი მიღწეულია.

"ვთვლი, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად მიღწეულია. ჯარებმა ქვეყნის საიმედო თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა აჩვენეს", — თქვა შოიგუმ ყირიმში გამართულ თათბირზე.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამხედროების გაყვანა, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან წვრთნებს ატარებდნენ, 23 აპრილს დაიწყება.

უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობაა. ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა სამხედრო ძალები გაზარდა. ადგილზე მინიმუმ 80 000 ჯარისკაცი, ათასობით ტანკი და საბრძოლო მანქანა განალაგეს.

კიევმა მოსკოვი გასული წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, კრემლმა კი უკრაინას პროვოკაციების მოწყობაში დასდო ბრალი.

გაიგეთ მეტი: