მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ჩინური ვაქცინის საგანგებო გამოყენებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, WHO-ს ტექნიკური ექსპერტები სინოფარმის გამოყენების შესაძლებლობას 26 აპრილს, ხოლო სინოვაკის 3 მაისს განიხილავენ.

ამ ეტაპზე, WHO-ს ავტორიზაცია მიღებული აქვს Pfizer-ს, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson ვაქცინებს.

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთნენ. ვაქცინაციის პროცესში 2 აპრილიდან ჩართნენ 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებიც.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს. ხოლო ჩინური ვაქცინა სინოფარმი ქვეყანამ 3 აპრილს მიიღო. გარდა ამისა, 8 აპრილს ექსპერტების საბჭომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით ვაქცინაციის პროგრამა მხოლოდ 55 წლის ზემოთ პირებისთვის გაგრძელდება.