NASA-ს მოხეტიალე — Perseverance ისტორიის წერას განაგრძობს. სააგენტოს ცნობით, ამ ექვსბორბლიანმა რობოტმა მოახერხა და მარსის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. როგორც NASA იტყობინება, ეს სხვა პლანეტაზე პირველად მოხდა.

"ეს არის კრიტიკული პირველი ნაბიჯი, მარსზე არსებული ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნის კუთხით", — თქვა ჯიმ რეუტერმა, NASA-ს ასოცირებულმა ადმინისტრატორმა კოსმოსური ტექნოლოგიების მისიის დირექტორატიდან.

მეცნიერებმა ტექნოლოგიის დემონსტრაცია 20 აპრილს შეძლეს, Perseverance-ზე არსებული ინსტრუმენტით, რომელიც დიდი შანსია, მომავალში მარსზე ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე მისიებში გამოიყენონ. ამ ინსტრუმენტს არამხოლოდ შეუძლია მომავლის ასტრონავტები მარსზე ჟანგბადით მოამარაგოს, არამედ შეიძლება მოხსნას დედამიწიდან ჟანგბადის გადაზიდვის საჭიროება. ჟანგბადის, რომელიც მარსზე დაშვებული რაკეტის ძრავს უკან დასაბრუნებლად დასჭირდება.

მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის ამ ექსპერიმენტს MOXIE (The Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment) ეწოდება, თვითონ ეს პროცესი კი პატარა, მანქანის ბატარეისტოლა ოქროსფერ ყუთში მიმდინარეობს. თვითონ ყუთი კი როვერის წინა მხარესაა განთავსებული. "მექანიკური ხის" ეფექტის მისაღწევად, მოწყობილობაში ელექტროენერგია და ქიმიური რეაქციებია გამოყენებული, რომლის შედეგადაც ნახშირორჟანაგის მოლეკულები იყოფა. (ნახშირორჟანგი, ანუ CO2 ჟანგბადის 2 და ნახშირბადის 1 ატომისგან შედგება).

ფოტო: NASA/JPL-Caltech

პირველ ჯერზე MOXIE-იმ 5 გრამი ჟანგბადის წარმოება შეძლო, რაც ადამიანის სუნთქვისთვის, ნორმალური აქტივობის პირობებში, 10 წუთის სამყოფი მარაგია. პროექტის ინჟინრები, რა თქმა უნდა, მომავალში მეტი ტესტის ჩატარებას გეგმავენ, მით უფრო მაშინ, როცა ეს ოქროსფერი ყუთი საათში 10 გრამი ჟანგბადის საწარმოებლადაა შექმნილი.

MOXIE მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) შექმნეს. ის სიცხის მიმართ მდგრადი მასალებისგანაა დამზადებული და 800 ცელსიუს გრადუსს უძლებს. ოქროს შეფუთვა კი როვერის უსაფრთხოებისთვისაა — იმისათვის, რომ მოწყობილობის რადიაციამ Perseverance არ დააზიანოს.

MIT-ის ინჟინერი — მაიკლ ჰეჩტი ამბობს, რომ MOXIE-ის ერთტონიან ვერსიას შეეძლება 25 ტონა ჟანგბადი აწარმოოს, რაც მარსიდან რაკეტის ასაფრენად იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მარსზე ჟანგბადის ამ გზით წარმოება გაცილებით კარგი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, ვიდრე პლანეტის სიღრმიდან ყინულის ამოღება და მისი ელექტროლიზება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მარსის ატმოსფერო 96%-ით ნახშირორჟანგისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ Perseverance წითელ პლანეტაზე 18 თებერვალს დაეშვა და მიკრობული სიცოცხლის ძებნაც დაიწყო. მასთან ერთად მარსზე დაშვებულმა შვეულმფრენმა კი, ცოტა ხნის წინ, ისტორია დაწერა და მარსის ატმოსფეროში მფრინავი პირველი შვეულმფრენი გახდა.