ყოველ წელს მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეები 20 აპრილს (4/20) არაოფიციალურად აღნიშნავენ. 420 მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და ამავდროულად, ირიბი მინიშნებაა, რომ კანაფის მომხმარებლები არიან.

ამ დღის აღსანიშნავად ნიუ-იორკელებმა, რომლებიც კორონავირუსზე უკვე 2-ვე დოზით აიცრნენ, მანჰეტენზე უნიონის პარკში მარიხუანას ჯოინთები უფასოდ მიიღეს.

კამპანია, რომელიც ვაქცინაციის წახალისებას ისახავდა მიზნად, დილის 11 საათიდან შუადღის 4:20 წუთამდე გაგრძელდა. ჯოინთები 21 წელს გადაცილებულმა იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებმაც ჩატარებული კოვიდვაქცინის საბუთები წარადგინეს.

"მხარს ვუჭერთ მეცნიერებას და ვაქცინაციის პროცესს. გვსურს, კანაფის მომხმარებლები წავახალისოთ, რომ კორონავირუსზე აიცრან", — აცხადებს ადგილობრივი აქტივისტი.

ნიუ-იორკში 2021 წლის 31 მარტს მარიხუანა ლეგალიზდა, მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა ისტორიულ კანონს. შტატში მცხოვრებმა 21 წელს გადაცილებულებმა კანაფის კულტივაციის უფლება მიიღეს.

რამდენიმე დღით ადრე ნიუ-იორკში ვაქცინაციის წასახალისებლად უფასო დონატების აქციაც ჩატარდა — კორონავირუსზე აცრილებმა Kripsy Kreme-სგან უფასო დონატები მიიღეს.