Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. მათი განცხადებით, ჰომოფობიური ინციდენტები თავდამსხმელის მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული Tbilisi Pride-შია დასაქმებული.

"20 აპრილის საღამოს წყვილი სახლში მანქანით დაბრუნდა, როდესაც ეზოში მყოფმა მათ სადარბაზოშივე მცხოვრებმა, დაახლოებით 35 წლის სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: "წადით აქედან ლეზბიანკებო!", "წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!", "აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!" და ა.შ.

გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა. ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია", — ნათქვამია Pride-ის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით თავდამსხმელმა ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა პოლიცია გამოიძახა და აღნიშნული ტელეფონით გადაიღო.

"იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა. მოგვიანებით მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს, ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო", — აცხადებენ Tbilisi Pride-ში.

ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს:

  • საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;
  • გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;
  • საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა;
  • უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება.

ისინი, ასევე, მოუწოდებენ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (იძულება), 151-ე (მუქარა) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა) მუხლებითაა დაწყებული.