ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან. პარტიის ინფორმაციით, მათ ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყეს და პირველი შეხვედრა ევროპარლამენტარ სვენ მიკსერთან გაიმართა.

ხაზარაძის განცხადებით, ევროპარლამენტართან იმ დოკუმენტზე ისაუბრეს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შეიქმნა და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით გაფორმდა.

"თქვენ იცით, რომ მელიას საკითხი არის უმთავრესი, რადგან ეს კრიზისი არ გაიწელოს. მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ თუ კრიზისი გაიწელა და არ შედგა სწრაფი შეთანხმება, ან იმავე კანონის მიღება გაიწელა დროში, ჩვენ ვერ გადავალთ იმ ძირითადი პუნქტების შესრულებაზე, რომელიც ხელშეკრულებაში გვაქვს აღებული მხარეებს.

აქაც ძალიან საინტერესო წინადადება ჩამოყალიბდა. უახლოეს ერთ დღეში ჩვენ, ლელოს გვექნება კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებთან ერთად და შეიძლება ეს იყოს ღირსეული გამოსავალი ყველა მხარისათვის", — თქვა მან.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის, ის აცხადებს, რომ საქართველომ შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი მოიპოვოს.

"დღეს ბრიუსელში გახმოვანდა ახალი ინიციატივა, რომ შემოიღონ საგზაო რუქა ევროკავშირის წევრობისთვის (ისე როგორც არსებობს საგზაო რუქა ნატოს წევრობისთვის), და ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს. ამ სტატუსით საქართველოს ახალი შესაძლებლობები და სრულად ახალი ეტაპი ქვეყნისთვის, რომელიც დაგვეხმარება უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში და ნამდვილად შეუქმნის კეთილდღეობას საქართველოს მოქალაქეებს", — თქვა მან.

20 აპრილს პარტია ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი გადადეს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გაემგზავრებიან.