ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს არ იღებ, როგორ მიიღებს ქართული ოცნების მხრიდან "გაცემულ მოწყალებას". ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედთან ისაუბრა და ნაციონალური მოძრაობის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას "გაუგებარი, ბავშვური თამაში" უწოდა.

"პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს არის გათვალისწინებული შეთანხმებით, იმ დოკუმენტით, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი. რაც შეეხება გირაოს არმიღებას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რაღაცა, ბავშვური თამაში. როდესაც არ იღებ გირაოს და არ ეთანხმები გირაოს ევროკავშირის მიერ გადახდილს, მერე როგორ უნდა დაეთანხმო ქართული ოცნების მხრიდან შეწყალებას. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი.

ამნისტიის კანონი ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება პატიობს ნიკანორ მელიას მის მიერ ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულს. ეს არის ერთგვარი შეწყალების აქტი. თუ ის არ იღებს გირაოს, მაშინ როგორ მიიღებს ქართული ოცნების მხრიდან გაცემულ ამ მოწყალებას? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და ბავშვური თამაში. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ამნისტიის კანონს მივიღებთ იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით", — თქვა მან.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება უნდა მოახდინონ "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

"კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება", — წერია შეთანხმებაში.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პარტიების ერთობლივი ვახშმის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, ამნისტია შეეხებათ, როგორც 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს, ასევე სამართალდამცავებს.

გაიგეთ მეტი: