მეოცე საუკუნის დიდი მოდერნისტის, ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში მრავალ სხვა თემასთან ერთად ესპანური გრიპის პანდემიისეულ გამოცდილებასაც ეთმობა ადგილი. ამ საკითხზე კარდიფის უნივერსიტეტის ლექტორი, ჯეს კოტონი ქვემოთ მოცემულ სტატიაში გვესაუბრება.

როგორც ინგლისელი მწერალი და აკადემიკოსი, ელიზაბეთ უტკა თავის წიგნში, გლობალური მოდერნიზმი, წერს, ომისგან განსხვავებით, დაავადებები ხშირად კულტურული და ისტორიული მეხსიერებიდან ქრება.

"ავადმყოფობის ჟამს პატიოსანთა რიგებში მსახურებას ვწყვეტთ და დეზერტირებად ვიქცევით", — წერდა ვირჯინია ვულფი პირველი მსოფლიო ომის დასასრულს. ნოველისტი ხედავდა, რომ ესპანური გრიპი გაერთიანებული სამეფოს გამარჯვების ეროვნულ ნარატივს კარგს არაფერს უქადდა. გრიპის ვირუსი ხომ უჩინარი და არაპროგნოზირებადი იყო და თავის გზაზე არავის ინდობდა.

ეს თემა ვულფის პირადი ინტერესი გახლდათ. იგი ესპანური გრიპის გამო 1916 და 1925 წლებს შორის რამდენჯერმე მიეჯაჭვა საწოლს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ვირჯინია ვულფი.

ფოტო: Alamy

1918 წელს ვულფი თავის დღიურში ესპანურ გრიპზე წერს: "სხვათა შორის, ახლა ისეთი ეპიდემია მძვინვარებს, შავი ჭირის მერე რომ მსგავსი არავის უნახავსო — ამას Times-ში ამბობენ და, მგონი, შიშით კანკალებენ, ვაითუ, ლორდი ნორთქლიფი დაინფიცირდეს და ამან მშვიდობის დამყარება გამოიწვიოსო?"

მწერლის ტონი აშკარად დამცინავია. ვულფმა ესპანური გრიპის საფრთხის მნიშვნელობა მოგვიანებით გაიაზრა. ამ ჩანაწერში კი ხუმრობით იმედოვნებს, რომ პანდემია ლორდი ნორთქლიფის საკუთრებაში მყოფი პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მიერ წამოწყებულ ომის იმ პროპაგანდას დაუსვამდა წერტილს, რომელიც ქვეყანაში ნაციონალისტურ სენტიმენტებს აღვივებდა.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მწერლის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე, ვულფის შემოქმედებისა და განსაკუთრებით მისი 1925 წლის რომანის, მისის დოლოვეის კითხვისას დაავადებასთან დაკავშირებულ თემებსა და იდეებზე ძალაუნებურად ამახვილებ ყურადღებას. კერძოდ, ეს ტექსტები ნათელს ხდის, თუ როგორ შემოიტანა მწერალმა სიკვდილისა და ავადმყოფობის თემები პირველი მსოფლიო ომის შემდგომი დიდებისა და ძლიერების ეროვნულ ნარატივში.

"რა საჭიროა, მათი გრიპი გადაგედოთ?" — T Magazine-ში 1918 წელს განთავსებული რეკლამა ბაქტერიების მკვლელი აბებისთვის.

ფოტო: Sodatech AG / SuperStock

სიკვდილის მეორეხარისხოვნად ქცევა

მე კარდიფის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ლექტორი ვარ. პანდემიის პერიოდში თითქმის ცარიელ აუდიტორიებში ლიტერატურის სწავლება ერთობ დამაბნეველი გამოცდილება გამოდგა. მისის დოლოვეი კი ის წიგნი გახდა, რომელმაც ექსტრემალურ პირობებში სწავლისა და ფიქრის მნიშვნელობა დამანახა. ნაწარმოების პროტაგონისტი 1919 წლის ესპანური გრიპის ეპიდემიასაა გადარჩენილი და სიცოცხლის იმგვარი შეგრძნება, რომლითაც ტექსტია გაჟღენთილი, გმირის მიერ ცხოვრებით ხელახლა ტკბობის სწავლიდან მომდინარეობს. როცა მისის დოლოვეის პერსონაჟს პირველად ვეცნობით, იგი ივნისის ერთ დილას ლონდონის ქუჩებში სეირნობს და ყოფის მშვიდ სიმძიმეს შეიგრძნობს.

პანდემიის პერიოდში ახალი მნიშვნელობა შეიძინა წიგნის ცნობილმა დასაწყისმაც: "მისის დოლოვეიმ თქვა, რომ ყვავილებს თვითონ იყიდდა". დღეს ხომ ჩვენი სამყაროები ძალიან დაპატარავებულია. კლარისას ყვავილების ყიდვა იმიტომ გადაუწყვეტია, რომ გარეთ გასვლა უხარია — ეს შეგრძნება ჩვენთვის, სახლში გამოკეტილებისთვისაც, საოცრად ნაცნობია.

ლექციებზე კლარისას განხილვისას იმაზე ვკონცენტრირდით, რომ მან პანდემია გამოიარა. თავისუფლების ამგვარი აღკვეთის შემდეგ სიცოცხლისადმი პერსონაჟის ინტერესი იმედისმომცემია, თუმცა ამასაც აქვს თავისი საფასური.

წარწერა ფოტოზე გამოსახულ პოსტერზე: ესპანურმა გრიპმა ევროპაში ომის წარმოება საფრთხის ქვეშ დააყენა. სამეფო ფლოტის გემთა მშენებლობაზე ინფიცირების 1500 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფურთხება ესპანურ გრიპს ავრცელებს. არ გადაიფურთხოთ.

ფოტო: Science History Images / Alamy

კლარისას წვეულებაზე, რომლითაც რომანის სიუჟეტი გვირგვინდება, პერსონაჟები იგებენ, რომ ომის ახალგაზრდა ვეტერანმა, სეპტიმუს სმიტმა თავი მოიკლა. ვულფის თავდაპირველ მონახაზში სეპტიმუსის პერსონაჟი საერთოდ არ ჩნდებოდა და თავად კლარისა იკლავდა თავს წვეულებაზე. მის ორეულად სეპტიმუსის გმირის შექმნით ვულფს სიკვდილი უკანა პლანზე გადააქვს, რასაც ყველა სიამოვნებით ვიზამდით, მსგავსი რამის გაკეთება რეალურ ცხოვრებაშიც რომ შეგვეძლოს.

ვულფი პერსონაჟის შექმნაში რევოლუციას ახდენს და ზედაპირული აღწერა-დახასიათების ნაცვლად, გმირის ფსიქიკურ პორტრეტს გვიხატავს. პროტაგონისტს ჩვენ მისი ცნობიერების ნაკადის მეშვეობით განსაკუთრებით ახლოს ვეცნობით, თუმცა რომანში მეორეხარისხოვანი გმირებიც დიდ როლს თამაშობენ.

ვულფისათვის აშკარაა, როგორი მარტივი იქნებოდა, პერსონაჟებს მხოლოდ ფონად რომ ეარსებათ. წიგნები ხშირად ასე იწერება — მეორეხარისხოვანი გმირები უკან იხევენ და ადგილს პროტაგონისტებს უთმობენ. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბრიტანეთშიც ასე გადაფარა ომში გამარჯვებამ ესპანური გრიპის ეპიდემია.

კოლექტიური მეხსიერება

ვირჯინია ვულფი როჯერ ელიოტ ფრაის შესრულებით.

ფოტო: Leeds Museums and Galleries

მისის დოლოვეი ბრიტანეთის იმპერიის ფასეულობების შენარჩუნებაში მეხსიერებისა და გლოვის როლს ნათლად ასახავს. ხალხში ემოციების მიმოქცევის რომანისეული ილუსტრაცია გვანახებს, როგორ აყალიბებენ ეროვნულ გრძნობებს ჟურნალ-გაზეთები და პატრიოტულ სიმბოლოებზე მუდმივი აპელირება.

"ქუდების მაღაზიებსა და სამკერვალოებში უცნობები ერთმანეთს უცქერდნენ და აგონდებოდათ ომში დაღუპულები, აგონდებოდათ იმპერიის დროშა", — წერს ვულფი. ნოველისტს იმის ჩვენება სურს, რაც რთულად თუ განისაზღვრება: როგორ იქმნება და განაგრძობს არსებობას საზოგადოება; როგორ უმაგრებენ საძირკველს ომში გარდაცვლილები ეროვნულ თვითმყოფადობას.

ვულფმა იცოდა, რომ სიკვდილის მიერ დაღდასმული თაობის აზროვნებაში გასარკვევად სუბიექტური ხედვაა საჭირო. როგორც იმავე პერიოდში ფროიდმაც აღნიშნა, გლოვა უწყვეტი, ილუზორული პროცესია. ვულფის შემოქმედება იმით გამოირჩევა, რომ გვიჩვენებს, როგორ გვიბიძგებს სიკვდილი იმის მიღმა, რისი შეცნობის უნარიც გვაქვს. ამ უმეცრებაში გვიწევს ვაღიაროთ, რომ ჩვენი არსებობა მყიფე და სხვების სიცოცხლეზე დამოკიდებულია.

ვულფის 1915 წლის რომანში, გამგზავრება, ერთ-ერთი პერსონაჟი, ეველინი ამბობს:

"როგორი ამოუხსნელია სიკვდილი. ის რატომაა მკვდარი და მე ან შენ — არა? სულ ორი კვირის წინ ხომ ჩვენთან ერთად იყო?"

ვულფი გვიჩვენებს, როგორი ძნელია სიკვდილის ფენომენში გარკვევა, რაც მასთან შეგუების სირთულის აღქმაშიც გვეხმარება. სიკვდილის მარტოსულობის და საზოგადოებრივი გლოვის შესუსტებული ტრადიციის პირისპირ, მწერალი ენის ახალი ფორმებით გვამარაგებს. ეს ფორმები სიკვდილზე საუბრის შესაძლებლობას მაშინაც გვაძლევს, როცა დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულო ეროვნული წეს-ჩვეულებები ძალას კარგავს.