საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს არ დააინიცირონ კანონპროექტი, რომლითაც ამნისტია სამართალდამცველებსაც შეეხებათ.

საქმე ეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილს, რომლის მიხედვითაც "შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".

საია, როგორც 20-21 ივნისის დროს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, აცხადებს, რომ "დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს".

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ კანონპროექტი სამართალდამცველებსაც შეეხებათ, საფრთხე შეეხება არა მხოლოდ სავარაუდო დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ საზოგადოების ნდობასა და პატივისცემას ზოგადად, სამართალდამცავი სისტემისადმი. საია-ში ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმის ფიგურანტ სამართალდამცველებს, რომელთა წინააღმდეგ ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, შესაძლოა გაუჩნდეთ დაუსჯელობის განცდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

19 აპრილს, საია-მ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოსთან (TI) ერთად, პარტიების სწორედ იმ შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიას. თუმცა, ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად". ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ ამნისტია 20 ივნისის საქმის მონაწილე სამართალდამცველებსაც შეეხებათ, ეს იქნება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის, ისე სხვა საერთაშორისო დოკუმენტების დარღვევა.

"საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამგვარ აკრძალვას ითვალისწინებენ, საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია, და, კონსტიტუციის შემდეგ იერარქიით ყველაზე მაღლა დგას. შესაბამისად, საქართველო მათ შესრულებაზე ვალდებულია როგორც საერთაშორისო ორგანოების, ისე, საკუთარი მოქალაქეების წინაშე", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პარტიების ერთობლივი ვახშმის შემდეგ გახდა ცნობილი.

გაიგეთ მეტი: