ყველაზე პოპულარული სტრიმინგ სერვისი ნეტფლიქსი 2021 წელს ახალი პროდუქციის შესაქმნელად 17 მილიარდი ამერიკული დოლარის დახარჯვას გეგმავს.

"2020 წელს პანდემიის გამო შეჩერებული წარმოება 2021 წელს გადმოინაცვლებს. რადგანაც ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს, ბაზარზე უსაფრთხო წარმოებას განვაახლებთ, გამონაკლისია მხოლოდ ბრაზილია და ინდოეთი", — ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

2020 წელს ნეტფლიქსმა თავისი ფილმების, სერიალებისა თუ შოუების შესაქმნელად $11,8 დახარჯა, 2019 წელს კი — $13,9. ამ წლის ბიუჯეტით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას გეგმავენ.

ნეტფლიქსს ძირითადად თავისი სერიალებით იცნობენ, თუმცა ბოლო პერიოდში ეს კომპანია კინოინდუსტრიაშიც მოულოდნელად გააქტიურდა: მაგალითად, წლევანდელ ოსკარებზე ამ სტრიმინგ სერვისის ისეთი ფილმებია ნომინირებული, როგორებიცაა A Love Song for Latasha, Da 5 Bloods, Pieces of a Woman და Mank.

მართალია, ბოლო დროს ბაზარზე ისეთი ახალი სტრიმინგ სერვისებიც გამოჩნდა, როგორებიცაა Disney+ და HBO Max, მაგრამ ნეტფლიქსი კვლავ მყარად ინარჩუნებს თავის პოპულარობას: 2021 წლის დასაწყისში მისი მომხმარებლების რაოდენობამ 203,7 მილიონს მიაღწია.