დღეს ხმაური იყო სალხინოს მამათა მონასტერში. როგორც თაიმერის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ტაძარში არ შეუშვეს. გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს მიერ აღდგომის დღესასწაულის ჩატარების წინააღმდეგნი არიან.

"მატყუარა ხარ და აღსარების გამცემი ხარ", — ეუბნება ერთ-ერთი სასულიერო პირი მეუფეს.

მას შემდეგ, რაც მეუფე სტეფანე ტაძარში არ შეუშვეს, მან ტაძრის კართან იგალობა და ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა.

4 აპრილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ხუთ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა. სტეფანე კალაიჯიშვილი მათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხსა და სასულიერო პირთათვის შეუფერებელ საქციელში ადანაშაულებს.

მღვდელმსახურება აეკრძალა:

  • იღუმენ დანიელს (გვილავა);
  • მღვდელ მირიან მესხაძეს;
  • მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი);
  • დიაკონ ანანია კალანდიას.

რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

ეს გადაწყვეტილება მეუფე სტეფანეს მხრიდან ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისთვის მღვდელმსახურების შეჩერების პირველი შემთხვევა არ არის. 8 მარტს მან ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა. ისინი მონასტრიდან გამოაგდეს და შენობაში მთელი ღამის განმავლობაში არ უშვებდნენ. მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ახლა სხვა ეკლესიამ შეიფარა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერებიდან მალევე დაიწყო. 2019 წელს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ის ეპარქიას ჩამოაშორეს და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.

მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა. 2012 წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე შეითავსებდა. ეპარქიაში დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მიიჩნევა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ამასთან, პეტრე ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ.

8 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიის წევრები მოიწვია, მას რეზიდენციის მეორე სართულზე კრება ჰქონდა და მოქალაქეთა ნაწილი შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მეორე სართულის აივნის მოაჯირი დაინგრა და 10-მდე ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.