რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციების წინ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების დაკავება დაიწყეს. მოსკოვში კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტი, ლუბოვ სობოლი დააკავეს.

როგორც ადვოკატი ვლადიმირ ვორონინი ამბობს, პოლიციელებმა ის ტაქსიდან გადაიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა აქციებს უკავშირებენ.

BBC-ის რუსული გამოცემის ინფორმაციით, 20 და 21 აპრილს სხვადასხვა ქალაქში აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან ჩხრეკა ჩაატარეს.

25 დღით დააკავეს ვოლგოგრადში ნავალნის შტაბის კოორდინატორი, ევგენი კოჩეგინი. როგორც სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოჩეგინი არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

ალექსეი ნავალნი 31 მარტიდან ციხეში შიმშილობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მას ზურგისა და ფეხების არეში ტკივილი აწუხებს და ციხეში დამოუკიდებელი ექიმები დაუშვან. სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა პოლიტიკოსის მკურნალი ექიმები ანალიზებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობა მძიმეა.