შსს-ს ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში წითელი ხიდის ავტომაგისტრალსა და ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათივე თქმით, ამოღებულია 7 კილოგრამამდე ჰეროინი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ბრალად განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო", — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.