ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ის ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააცილეს.

"ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიერიდან, მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთლიანად ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოგვარებაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი. მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე, იმაზე რომ საქართველომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი, ამბიციური გადაწყვეტილება, რაც 2024 წელს გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას უკავშირდება", — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შარლ მიშელი საქართველოში 20 აპრილს ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მიშელი პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა.