სახელმწიფო დეპარტამენტი დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ისაუბრა.

"ეს შეთანხმება შედგა პრეზიდენტ მიშელის მხარდაჭერით და ის მოითხოვდა ყველა მხრიდან მნიშვნელოვან კომპრომისზე წასვლას. ამის გარდა, ის მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და თავდადებას ქართველი ხალხის მიმართ, გააგრძელონ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და გააძლიერონ კანონის უზენაესობა. ესაა საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის შეთანხმება და მისი იმპლემენტაცია თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და დაიწყონ ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვან საკითხებზე", — აღნიშნა პრაისმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს 19 აპრილს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ამ დროისთვის, მიშელის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას სრულად არ იზიარებენ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, მოქალაქეები, რესპუბლიკური პარტია. ასევე, წინადადებას ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ. გარდა ამისა, დოკუმენტს აქვს გახარიას გუნდის, ასევე, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატების, აწ უკვე ევროპელი სოციალისტების ხელმოწერა.

დოკუმენტი ხუთპუნქტიანია და მოიცავს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასაც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: