სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას არ შეეხება.

2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები აცხადებენ, რომ ანტისაოკუპაციო აქცია ძალის გამოყენებით სწორედ გახარიას ბრძანებით დაშალეს.

პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო ვახშმის შემდეგ ვაშაძემ განაცხადა, რომ ამნისტია მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც უკვე მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

"იმ ადამიანებს, ვინც არაა დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხებათ. მთავარი კითხვა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან გაგრძელებული ბევრი სხვა ადამიანით, არავის შეეხება ეს კანონი", — აღნიშნა მან.

ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტში 27 აპრილს დარეგისტრირდება. ამავე დღეს ოპოზიცია პარლამენტში შევა. კანონის დაინიცირების შემდეგ კი პრეზიდენტი იმავე დღეს გიორგი რურუას შეიწყალებს.

ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტია სამართალდამცავებსაც შეეხებათ.