სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას და პრინციპულობას აფასებს.

"სალომე სამადაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ მასთან არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას. ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, როცა ხვდება, რომ დროა დასავლურ, ევროპული ტიპის შეთანხმებას მოაწეროს ხელი", — განაცხადა მან.

ვაშაძემ მიმართა კოლეგებს, რომ ქვეყანაში აღარ არის ლანძღვა-გინებისა და კინკლაობის დრო და აღნიშნა, რომ პარლამენტში ყველას შესვლის მოლოდინი აქვს.

"რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ყველა ეს პარტია იქნება პარლამენტში, ყველა ეს პარტია მოაწერს შეთანხმებას ხელს და ყველაფერი იქნება, უბრალოდ, მცირე ჯიუტობებთან გვაქვს ადგილი", — განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა ენმ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეთახნმებას ხელს აწერს, მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხელმომწერებს შორის არ არის ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, ენმ-სგან დამოუკიდებლად შეთანხმებას შეუერთდა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. ასევე, ენმ — ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ სალომე სამადაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა რომ "სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია" რომ მელიას გამოშვების გარეშე არ აწერენ ხელს დოკუმენტზე. On.ge-სთან საუბრისას კი განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი თქმით იგი პარტიას არც პარლამენტში წარმოადგენს.

ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებამდე შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.