სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სანამ მართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ხელს ნაციონალური მოძრაობაც არ მოაწერს, მოლაპარაკების პროცესს დასრულებულად არ თვლის. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორებისგან იღებს მადლობის წერილებს პარტიისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და დოკუმენტზე ხელმოწერისთვის.

"დღეს, ფაქტობრივად, მთელი დღის მანძილზე, როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ბრიუსელიდან ვიღებ წერილებს, სადაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეები სხვადასხვა დონეზე, აღმასრულებელ, საკანონმდებლო დონეზე, მიხდიან მადლობას იმისთვის, რომ ჩემი ხელმოწერით შესაძლებელი გავხადე რომ წინ წავიდეს ეს პროცესი, რომელსაც, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ სანამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც არ მოაწერს ხელს, მე პირადად არ ვთვლი დასრულებულად", — განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ ახალ დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტზე ხელმოწერისგან უარს ამბობს მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხეშია.