რამდენიმე დღის წინ გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ტვიტერის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, თავისი ერთ-ერთი პირველი ტვიტი NFT-დ აქცია და თითქმის 3 მილიონ დოლარად გაყიდა. დიახ, არ მოგესმათ, ამ ფასად სწორედ ტვიტი გაიყიდა.

ეს წარმოუდგენლად ჟღერს, როგორ შეიძლება გაყიდო ტვიტი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავიგოთ, რა არის NFT. ამ სტატიით კი შევეცდები რაც შეიძლება მარტივად აგიხსნათ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რას ნიშნავს და რაში შეიძლება გამოგვადგეს NFT.

შოკისმომგვრელია, როდესაც ვიგებთ, რომ Beeple-მა 69 მილიონი დოლარის ღირებულების NFT გაყიდა, ან რომ რომელიმე გიფი ასი ათასობით დოლარად შეფასდა. ეს ყველაფერი კი NFT-სთან დაკავშირებულ ბუნდოვანების გაფანტვის საჭიროების წინაშე გვაყენებს.

ფოტო: Cryptokitties.co-ს ეს NFT 170 000 დოლარად გაიყიდა

რა არის და როგორ მუშაობს NFT?

ინგლისურად ის Non-fungible token-ად იშიფრება, თუმცა არამგონია ეს თქვენთვის მრავლისმთქმელი იყოს.

Non-fungible ნიშნავს, რომ ის უნიკალურია და სხვა რამით ვერასდროს ჩანაცვლდება. მაგალითად, ბიტკოინი არის ცვლადი პროდუქტი, თქვენ შეგიძლიათ ერთი ბიტკოინი გადაცვალოთ სხვა კოინში ან ისევ ბიტკოინში და ამით არაფერი შეიცვლება, თქვენ ისევ იგივე ღირებულების მქონე პროდუქტს მიიღებთ.

NFT-ები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია. ეთერიუმი ისეთივე კრიპტოვალუტაა, როგორიც ბიტკოინი ან DOGE კოინია, თუმცა მის ბლოკჩეინს NFT-ების მხარდაჭერაც აქვს, ანუ იქ შეგვიძლია დამატებითი ინფორმაციაც შევინახოთ, მაგალითად ისეთი, როგორიც ჭკვიანი კონტრაქტებია. ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპი ცალკე განსახილველი თემაა, თუმცა ეს ჩვენს საუბარს კიდევ უფრო გაწელავს, ამიტომ ჯობია სხვა დროისთვის გადავდოთ.

რა შეიძლება იყოს NFT?

NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, გიფები და პოსტებიც კი. ეს საკმაოდ აღმაფრთოვანებელია, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ ახალ გზას ციფრული ხელოვნების ბაზრის გასაფართოებლად.

ფაქტი: Dogecoin NFT არ არის, ის კრიპტოვალუტაა, თუმცა ეს Dogecoin-ის ეს გიფი NFT-ია.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, რატო უნდა გადაიხადო ფული იმაში, რისი გადმოწერაც ერთი დაკლიკვით ისევ ყველას შეეძლება და რა სარგებელი გვაქვს ჩვენ იმით, რომ რომელიმე ციფრული პროდუქტის საავტორო უფლების მფლობელი ვხდებით.

ეს კითხვა რეალურ ცხოვრებაში არსებულ ნივთებზეც გადადის, შეიძლება გარკვეული მონეტის ერთი ორიგინალი ვერსია არსებობდეს, თუმცა მისი ასლი ბევრ ადამიანს ექნება.

რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

ამ კითხვაზე პასუხი, რეალურად, დამოკიდებულია იმაზე, არტისტი ხართ თუ მყიდველი.

თუ თქვენ არტისტი ხართ, მაშინ NFT-ით აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ. ეს არის გზა, იმისათვის, რომ თქვენი შემოქმედება, რომელიც სხვა შემთხვევაში დღის შუქს ვერ იხილავდა და ფართო მასებამდე ვერ მივიდოდა, საკმაოდ მარტივად და მომგებიანად გაყიდოთ. ასევე, NFT-ს აქვს ფუნქცია, რომლის გააქტიურებაც ყველას შეუძლია. თუ თქვენ ნაშრომს ახალი მფლობელი ისევ გადაყიდის, თანხის გარკვეული პროცენტი თქვენ ჩაგერიცხებათ. ეს კი იმის გარანტიაა, რომ თუ თქვენი ნამუშევარი ცნობილი გახდება და მასზე მოთხოვნა გაიზრდება, ყოველი ახალი პატრონის გამოჩენის შემთხვევაში გარკვეულ მოგებას თქვენ ისევ მიიღებთ.

ფაქტი: Beeple-ის ეს ნამუშევარი რეკორდულ 69 მილიონ დოლარად გაიყიდა.

თუ თქვენ გსურთ NFT-ს ყიდვა, პირველი მოტივი, სავარაუდოდ, არტისტის მხარდაჭერა უნდა იყოს. ასევე, NFT-ის შეძენა პროდუქტის გამოყენების საბაზისო უფლებებს განიჭებთ და მისი მოხმარება ნებისმიერ ადგილზე თამამად შეგეძლებათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ უბრალოდ სათქმელი გექნებათ, რომ ფლობთ ციფრული ხელოვნების პროდუქტს, რომლის საავტორო უფლებებიც ეთერიუმის ბლოკჩეინშია დაცული და მას ვერაფერი დაემუქრება.

არის თუ არა თითოეული NFT უნიკალური?

თეორიულად კი. ყველა ტოკენი, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინში ინახება, უნიკალურია. თუმცა, ეს ისე არ უნდა აღვიქვათ, თითქოს ამ ციფრული პროდუქტის ასლს ვერავინ შექმნის. შეიძლება ვან გოგის ნახატის ერთი ნამდვილი ვერსია არსებობდეს, თუმცა ციფრულ ხელოვნებაში ერთი ნამუშევრის ათასობით და ათიასაობით ასლი შეიძლება ვიპოვოთ, ამ შემთხევაში, ერთი მხოლოდ საავტორო უფლებაა.

თუმცა, NFT-ის უდიდესი პლიუსი ისაა, რომ მისი უნიკალურობა მხოლოდ არტისტებს არ წაადგებათ. თუ თქვენ ციფრულად შეიძენთ ლატარიის ბილეთს ან დაჯავშნით კინოში ადგილებს, NFT-ის მეშვეობით, ბილეთებიც და ადგილებიც კონკრეტულად თქვენ მოგენიჭებათ და უამრავ გართულებას აგარიდებთ თავიდან.

ვინ იყიდის იმას, რასაც რეალურად ფასი არ აქვს?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, შეიძლება თვლიდეთ, რომ არავის არაფერში ჭირდება რაიმე გიფი ან მაგალითად პოკემონის სათამაშო კარტი, მაგრამ ადამიანებს ხშირად უცნაური რაღაცები იზიდავთ. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ NFT-ები ხელოვნების მომავალია და ნიმუშების შეგროვებაც ღირს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ ეს საკმაოდ შეძლებული ხალხის სათამაშოა. NTF-ები, რომელთა ფასიც შეიძლება სამომავლოდ გაიზარდოს ან საკოლექციო სახისაა, უკვე ძალიან ძვირი ღირს.

ფაქტი: ერთ-ერთმა ცნობილმა იუთუბერმა და ყოფილმა ვაინერმა, ლოგან პაულმა თავის გამოსახულებიანი პოკემონების კარტი 17 000 დოლარად გაყიდა...

ფაქტი: გუჩის ფორმაში გამოწყობილი ეს პატარა მოჩვენება პირველად 3 600 დოლარად გაიყიდა, ამჟამინდელი მფლობელი კი მასში უვკე 16 300 დოლარს ითხოვს.

სად შეიძლება NFT-ების ნახვა, დათვალიერება, ყიდვა ან გაყიდვა

NFT მარკეტები უკვე საკმაოდ ბევრია. მათი ყიდვისა და გაყიდვის საშუალებას OpenSea, Rarible და Grime-ის რჩეული, Nifty Gateway-ც გვაძლევს. ეს NFT მარკეტების მცირე ჩამონათვალია და ასეთი კიდევ უამრავი არსებობს.

სად უნდა შევინახოთ NFT, თუ ჩვენ ვიყიდით ან შევქმნით მას

NFT-ები, ისევე როგორც კრიტპოვალუტები, ციფრულ საფულეებში ინახება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჯერ NFT-ების შენახვის მხარდაჭერა ყველა საფულეს არ აქვს და ისეთი უნდა ნახოთ, რომელიც ამის საშუალებას მოგცემთ.

მოდით შევაჯამოთ — თეორიულად, NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია. მაგალითად, მე შემიძლია ამ სტატიის ყიდვაც შემოგთავაზოთ თუ ვინმეს სურვილი გექნებათ. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, თქვენ მართლა შეგიძლიათ Quartz-ის ან New York Times-ის სტატიების ყიდვა და მათი ფასებიც ისეთივე განსაცვიფრებელია, როგორიც ზემოთ ნანახი ნახატების ან გიფების შემთხვევაში იყო.

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, NFT არის ერთგვარი სტანდარტი, თუ როგორ უნდა გახდეს ციფრული პროდუქტი ვინმეს საკუთრება და შეინახოს ბლოკჩეინში ისე, რომ მას საფრთხე არ დაემუქროს. NFT-ები, ძირითადად, Ethereum-ის ბლოკჩეინზე მუშაობს, თუმცა ახალ სტანდარტს ნელ-ნელა სხვა კრიპტოებიც ითვისებენ.

NFT-ების ტექნიკურ მხარეზე საუბარი კიდევ დიდხანს შეიძლება, ამიტომ მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხს შევეხები და თან გასწავლით როგორ შევქმნათ NFT, სად გავყიდოთ ან სად ვიყიდოთ ის.