საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ პარტიებმა შეთანხმებას პრეზიდენტის სასახლეში მოაწერს, მას თავის "ნამდვილ როლს" უბრუნებს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ასევე, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობისა და სახელმწიფოს სახეს საზღვარგარეთ და საერთაშორისო სივრცეში. და ამდენად ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. ალბათ, მეტიც შეუძლია გააკეთოს და თუ საჭირო გახდება და იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება, ის მედიაცია შეასრულოს და მგონი, ეს არის საზოგადოების სურვილიც, რომ აღარ იყოს მუდმივად თქვენი შეწუხება საჭირო", — თქვა მან.

შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მას შეხვედრები პრეზიდენტის გარდა დაგეგმილი აქვს საქართველოს პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციურ პარტიებთან. დღის ბოლოს კი, ორბელიანის სასახლეში სადილი გაიმართება.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ამ დროის მონაცემებით, დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ინდივიდუალურად აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი და ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. 20 აპრილს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმაც.

ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: