თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "გარისკავს", მის ჩამოსვლას "მიესალმება". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"მივესალმებით მის ჩამოსვლას, თუ ის გარისკავს, მოახერხებს, ჩამოვა. თუმცა ამაში ნამდვილად არა ვარ დარწმუნებული, რადგან ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება მოგვისმენია და უკვე იუმორის გრძნობა დაჰკრავს ხოლმე ამ განცხადებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით", — თქვა მან.

დღეს, 20 აპრილს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ისევ ჩამოსვლა დაანონსა. ამჯერად ის სავარაუდო თარიღსაც ამბობს და ამტკიცებს, რომ თვითმართველობის არჩევნების წინ ჩამოვა. მორიგ ვიდეომიმართვაში ის ისევ ჰპირდება ამომრჩეველს, რომ მათ გვერდით იბრძოლებს.

ექსპრეზიდენტმა ენმ-ს წევრებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთახნმებას, ოღონდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია უპირობოდ გათავისუფლდება. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემთ, რომ მოემზადონ თვითმართველობის არჩევნებისთვის, რაც "რეფერენდუმია ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად". სწორედ ამ დროს ჩამოსვლის ჰპირდება ის მხარდამჭერებს.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია. ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა და ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძე.

ხელმომწერებს შორის არ არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია.

ამავე თემაზე: