გირჩი პარლამენტში სტუდიის მოწყობასა და იქიდან მაუწყებლობას გეგმავს. პარტიის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ერთგვარი "პარლამენტTV-ის" მოწყობას აპირებენ.

როგორც ხვიჩიამ On.ge-ს განუმარტა, მათ საკუთარი გადაცემები და პოდკასტები უკვე აქვთ, რომლითაც ამომრჩეველს ელაპარაკებიან.

"ვფიქრობთ, რომ პარლამენტის შენობაში კაბინეტები ინდივიდუალურად დიდად არ გვჭირდება. გადავწყვიტეთ, იქ გვქონდეს სტუდია, სადაც პარლამენტის წევრებთან შევძლებთ საუბარს მათივე წარდგენილ კანონპროექტებზე ან საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც პარლამენტში იხილება, აქ შეუზღუდავ ფორმატში, ადამიანებისთვის გასაგებად, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბროთ", — ამბობს ხვიჩია.