მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილს სააკაშვილს "რევოლუციაზე მეოცნებე კაცს" უწოდებს და ამბობს, რომ "ისიც კი მიხვდა, რომ არეულობების დრო დასრულდა".

"ჭკუა მეკეტება საქართველოზე, მეც — ლევან იოსელიანსაც და ვინც ჩვენ პარტიაში მოქალაქეებში ვართ ყველას. ზუსტად ვიცოდით რომ აბსოლუტურად სწორ რამეს ვაკეტებდით შეთანხმების გადარჩენით, მოლაპარაკების პროცესის შენარჩუნებით და პარლამენტში შესვლით. საქართველოსთვის და ხალხისთვის საჭირო რამეს ვაკეთებდით. გული მიჩუყდება როცა მახსენდება იმ საშინელი რამდენიმე თვის მანძილზე როგორ ვამხნევებდით ერთმანეთს და ვეუბნებოდით რომ უნდა გაგვეძლო — გაგვეძლო ვინაიდან ასე სჭირდებოდა საქართველოს. უნდა გაგვეძლო და ბოლოს ყველა ჩვენ აზრზე დადგებოდა, ვინც საშინლად გვლანძღავდა ისინიც. ჰოდა, ეს ხდება ზუსტად. აი, ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა რომ რევოლუციების და არეულობების დრო დამთავრდა. საქართველოს მომავალზე შეთანხმების დროა", — წერს ელისაშვილი.

ექსპრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს მოუწოდა, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გაათავისუფლებენ. გარდა ამისა, სააკაშვილი ამბობს, რომ წინაპირობა მელიას უპირობო გათავისუფლება უნდა იყოს.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ამ დროის მონაცემებით, დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ინდივიდუალურად აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი და ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. 20 აპრილს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმაც.

ახალ დოკუმენტში საუბარია ე.წ. პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.