პოლიტიკოსი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილს განცხადებას შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით "სწორს" უწოდებს.

"სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში. ამისთვის ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციურ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოთ", — წერს უგულავა.

ექსპრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს მოუწოდა, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გაათავისუფლებენ. გარდა ამისა, სააკაშვილი ამბობს, რომ წინაპირობა მელიას უპირობო გათავისუფლება უნდა იყოს.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ამ დროის მონაცემებით, დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ინდივიდუალურად აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი და ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. 20 აპრილს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმაც.

ახალ დოკუმენტში საუბარია ე.წ. პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.