ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანია, თუმცა თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. საელჩო ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს", — აცხადებენ საელჩოში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ აშშ მიესალმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

"ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად", — აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩო მიუთითებს, რომ როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ონლაინ დაესწრო მიშელიც.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია. ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა და ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

ხელმომწერებს შორის არ არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია.

ამავე თემაზე: