ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელს, სალომე სამადაშვილს გამოესარჩლა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების გამო პერსონალური თავდასხმა მიუღებელია. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ არ ეთახნმება სამადაშვილის აზრს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის და სხვის აზრს პატივი უნდა სცენ.

"სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ", — წერს დეკანოიძე.

მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა ენმ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეთახნმებას ხელს აწერს, მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხელმომწერებს შორის არ არის ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, ენმ-სგან დამოუკიდებლად შეთანხმებას შეუერთდა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. ასევე, ენმ — ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ სალომე სამადაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა რომ "სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია" რომ მელიას გამოშვების გარეშე არ აწერენ ხელს დოკუმენტზე. On.ge-სთან საუბრისას კი განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი თქმით იგი პარტიას არც პარლამენტში წარმოადგენს.

ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებამდე შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.