ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი და მოძრაობა დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ", — წერს ხოშტარია.

ელენე ხოშტარიამ 19 აპრილს განაცხადა, რომ რადგან მან ევროპული საქართველო დატოვა, სადეპუტატო მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნის. მისი თქმით, არ მიაჩნია "კეთილსინდისიერად" ისარგებლოს იმით, რაც მას არ ეკუთვნის.

სალომე სამადაშვილის 19 აპრილისვე განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საქმიანობში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისივე თქმით, ის ენმ-ს წარმომადგენელი არც პარლამენტში იქნება. მანამდე მან Facebook-ზე პოსტი დაწერა, სადაც განაცხადა, რომ ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის. ენმ-ის კრიტიკის შემდეგ, მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხელმომწერებს შორის არ არის ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, ენმ-სგან დამოუკიდებლად შეთანხმებას შეუერთდა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. ასევე, ენმ — ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. ენმ-ს წევრები კი აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებამდე შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

შარლ მიშელის წინადადებას აქვს ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინდივიდუალური ხელმოწერაც. თუმცა ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ენმ, დოკუმენტის გარკვეულ ნაწილებს არ ეთანხმება. მაგალითად, ევროპული საქართველოს კრიტიკას არჩევნების ნაწილი იმსახურებს, რომელიც გულისხმობს რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე მეტს ვერ აირებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძროაბას, ამ პუნქტთან ერთად, მათ არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონიც, რომელშიც ზუსტად არ არის მითითებული, შეეხება თუ არა ამნისტია 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავებს.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ლეიბორიტული პარტიაც, ხელმომწრებს შორის კი არიან: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, გირჩი — მეტი თავისუფლება და მოქალაქეები.

შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი ხუთპუნქტიანია და პოლიტიკოსების გათავისუფლებასაც მოიცავს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: