"ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა და იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებთ", — ასე ეხმიანება შეთანხმების მიღწევას თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე.

"ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე.

ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს "საქართველოს წინსვლის გზად" და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს — ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ყველას, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში", — წერს კალაძე.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია. ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა და ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძე.

ხელმომწერებს შორის არ არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია.

ამავე თემაზე: