ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს რომ პარლამენტში ცალკეული დეპუტატების შესვლა ქვეყანაში შექმნილ კრიზისს ვერ განმუხტავს.

"ჩვენ შეგვეძლო, ყველას ერთად მიგვეღწია არსებითად უკეთესი შედეგისთვის. ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტში ცალკეული დეპუტატების შესვლა, რაღაც რაოდენობის, არ არის კრიზისის განმუხტვა. ეს ხომ შედეგი იყო, ბოიკოტი, და არა მიზეზი კრიზისის. მიზეზი არის ღრმა უნდობლობა, გამოწვეული ლეგიტიმური დანახვით უმძიმესი პრობლემებით, როლებიც არსებობს ქვეყანაში, რაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს ყველა ინსტიტუტის მიმართ, საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც ყველაზე სახიფათოა", — განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამ დოკუმენტით ქვეყანა სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს და ეს ერთი მხრივ ხელისუფლების "პოლიტიკური ტერორის", მეორე მხრივ კი საერთაშორისო პარტნიორების "ზედმეტი მერყეობის" შედეგია.

"ზედმეტი მერყეობა იყო ჩვენი ზოგიერთი პარტნიორისგან ყველა ეტაპზე. ასეთ დროს, როცა ხელისუფლება იქცევა რადიკალურად, პოლიტიკური ტერორისტი როლში გვევლინება ხოლმე, როგორც იქცეოდა მთელი ეს პერიოდი და მეორე მხარეს ზედმეტი მერყეობა არის, თუნდაც კეთილშობილური მოტივებით, ყოველთვის არის საფრთხე, რომ ვერ მიიღო ის შედეგი, რაც სასურველია. ამ შემთხვევაში, სასურველია ქვეყნისთვის", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ხელმომწერებს შორის არ არის ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, ენმ-სგან დამოუკიდებლად შეთანხმებას შეუერთდა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. ასევე, ენმ — ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც.

გაიგეთ მეტი: