აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ინდივიდუალური დეპუტატებისთვის ხელმოსაწერად ღია რჩება. მან, ასევე, იმედი გამოთქცა, რომ საბოლოოდ ყველა პარტია შევა პარლამენტში.

"ძალიან ამაყი ვარ ამაღამ საქართველოთი, ამაყი ვარ პოლიტიკური ლიდერებით... ეს შეთანხმება ინდივიდუალური დეპუტატებისთვის ხელმოსაწერად ღია რჩება. ჩვენ გვინდა, რომ ეს შეთანხმება იყოს რაც შეიძლება ფართო, რათა ვაჩვენოთ, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი მომავლისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის. ამიტომაც ვარ ასეთი ამაყი", — განაცხადა დეგნანმა ორბელიანების სასახლეში შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიის ნაწილმა ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ამ დროის მონაცემებით, დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ინდივიდუალურად აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი და ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. ამ ორი პარტიის სხვა წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის არ იმყოფებიან.

ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: