ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ყოველგვარი გირაოსა და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე იქნება თავისუფალი.

"მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება არის შემდეგი. მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ყოველგვარი გირაოსა და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე იქნება თავისუფალი", — განაცხადა მინაშვილმა.

19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს, რომელშიც ნაცვლად მათ მიერ შეთავაზებული 40%-ისა, შეთავაზებულია 43%, ხელს მოაწერს.

ამასთან, რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ განცხადებაში ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ თუ გიორგი რურუას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს, ისინი კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლმსაჯულებაში ჩარევის უხეშ მაგალითად მიაჩნიათ.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე 18 აპრილს ახალი დოკუმენტი შესთავაზეს.

დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: