2019 წელს ნეტფლიქსმა მაყურებელს თავის მრავალფეროვან პროდუქციას შორის ახალი და ამბიციური პროექტი წარუდგინა — Love, Death & Robots.

ანთოლოგიის ტიპის ამ ანიმაციურმა სერიალმა დროის ძალიან მცირე დროში დიდი მოწონება დაიმსახურა და უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. შესაბამისად, გასაკვირიც არ იყო, რომ სტრიმინგ სერვისმა მალევე დააანონსა მეორე სეზონი.

მას შემდეგ ყველა გაფაციცებით ელოდა სიახლეებს და აი, როგორც იქნა, ახალი სეზონის პირველი ტრეილერიც გამოქვეყნდა:

აღნიშნული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მეორე სეზონშიც არანაკლებ საინტერესო, დაძაბული და თვალისმომჭრელი სანახაობა გველოდება. რაც მთავარია, უკვე ვიცით, რომ სულ ცოტა დრო გვაშორებს ახალი ანიმაციური ისტორიების სანახავად: პრემიერა 14 მაისს შედგება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარული ინფორმაცია ისაა, რომ ახალი ტრეილერით სერიალის მესამე სეზონიც დააანონსეს: მას 2022 წელს ვიხილავთ.

სერიალს სიყვარული, სიკვდილი და რობოტები, რომლის მთავარი შემქმნელი ტიმ მილერი, პროდიუსერი კი დევიდ ფინჩერია, ხშირად ანიმაციურ Black Mirror-საც (შავი სარკე) უწოდებენ: დამოუკიდებელი ისტორიის მქონე მოკლემეტრაჟიანი სერიები ძირითადად მომავლის შემაშფოთებელ პროგნოზებს ან ალტერნატიულ ისტორიებს გვთავაზობს.