"ვფიქრობ, მატარებელი დაიძრა და ეს ძალიან კარგია", — ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი სიტყვების თარგმანს კი ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

18 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტია ადგილზე არ იმყოფებოდა. მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მიეცათ.

არსებულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა გირჩმა და პარლამენტშიც შევიდა. შეთანხმების ხელმოწერაზე მზაობა გამოთქვეს ლელომ და ზურაბ ჯაფარიძემ.

ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტის ხარვეზებზე საუბრობს და პარტიის წევრმა, აკო მინაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი სახით მას ხელს არ მოაწერენ. მათი შენიშვნები ამნისტიას, მელიას გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს ეხება. ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გარიგებაში შესვლას არ აპირებს. პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

დოკუმენტი ხუთპუნქტიანია, რომელიც მოიცავს პოლიტიკოსების გათავისუფლებასაც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც გაზიარებულია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებაა, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

რაც შეეხება რურუას შეწყალებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ შეთანხმება შედგება და ოპოზიცია პარლამენტში შევა.

ამავე თემაზე: