Facebook დღეს ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავაარქივოთ და გადავიტანოთ ჩვენი პოსტები, ფოტოები თუ სხვა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს კედელზეა განთავსებული, Google Docs-ში, WordPress-სა თუ Blogger-ზე.

ამ ფუნქციის გამოსაყენებლად უნდა შევიდეთ Facebook-ის პარამეტრებში, შემდეგ Your Facebook Information-ში და ვიპოვოთ Transfer a Copy of Your Information. აქ თქვენ შეძლებთ აირჩიოთ თუ რა ინფორმაციის კოპირება გსურთ და სად გინდათ მისი გაგზავნა.

ახალი ფუნქცია Data Transfer Project-ის ნაწილია, რომლის მიზანიც სხვადასხვა კომპანიების სერვისებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის გამარტივება გახლავთ. პროექტი 2018 წელს დაიწყო და, როგორც ჩანს, ის წარმატებით ხორციელდება. პროექტში ჩართულები არიან Apple, Google, Microsoft და Twitter-იც, მსგავსი ფუნქციონალი ჩვენ მათგანაც ვიხილეთ.

ინფორმაციის გადატანის ახალი ხელსაწყო Facebook-ს ასევე დაეხმარება მოერგოს ახალ რეგულაციებს, რომლებიც ამერიკისა და ევროპის მასშტაბით ვრცელდება. მარეგულირებელმა ორგანოებმა მოითხოვეს, რომ კომპანიებს ქონოდათ ხელსაწყო, რომელიც პერსონალური ინფორმაციის წასაკითხ ფორმატში გადატანას შეძლებდა.