უკრაინაში ქართველი სამხედრო გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული სერჟანტი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2003-2006 წლებში მსახურობდა.

უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთი უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალებს ზრდის.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 აპრილს რუსეთის კონტროლირებადმა ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ათჯერ დაარღვიეს, რა დროსაც, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

მედიის ცნობით, უკრაინული პოზიციების მიმართულებით ნაღმმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს, რაც მინსკის შეთანხმების თანახმად აკრძალული იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.