რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ქალაქ პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამსახური აცხადებს. საავადმყოფო ქალაქ ვლადიმირის კოლონიაში მდებარეობს.

ამასთან, უწყება ნავალნის მდგომარეობას "დამაკმაყოფილებელს" უწოდებს და აცხადებს, რომ მას ყოველდღიურად ექიმი ნახულობს.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ფეხებსა და ზურგში ტკივილს უჩივის და ციხეში ექიმების შეშვებას მოითხოვს, შიმშილობა 31 მარტს გამოაცხადა. 15 აპრილს მისმა მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციონერის ანალიზებში მკვეთრი გაუარესება შეინიშნება, რამაც შესაძლოა თირკმლის უკმარისობა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია გამოიწვიოს.

ოპოზიციონერთან ექიმების შეშვებას ითხოვენ როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილის შემთხვევაში რუსეთისთვის შედეგი დადგება. ნავალნის მხარდასაჭერად კი 21 აპრილს მიტინგი გაიმართება.