ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელს ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ორივე მხარემ ხელი უნდა მოაწეროს. ამასთან, დოკუმენტის პირობების შესასრულებლად შესაბამისი ზომები გატარდეს.

"დოკუმენტი, რომელიც შემოთავაზებულია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ და რომელსაც შესაძლოა მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ხელი მოაწეროს, მხარდაჭერის ძლიერი მესიჯია. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს, მოგვიანებით კი ხელმოწერის შემდეგ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად", — აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

18 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტია ადგილზე არ იმყოფებოდა. მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მიეცათ.

დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც გაზიარებულია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებაა, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: