სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართული ოცნების არმისვლას აფასებს როგორც ბოიკოტს დასავლური სამყაროსთვის.

"ყველაზე საინტერესო [რაც] გუშინ მოხდა, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ქართული ოცნების ბოიკოტი დასავლეთს. მე ამას ასე დავარქვი — ეს იყო ბოიკოტი დასავლურ სამყაროს, რომ ისინი არ გამოცხადდნენ მოლაპარაკებებზე, წარმოგიდგენიათ?!", — განაცხადა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

იგი ვარაუდობს, რომ შეხვედრა დღის განმავლობაში რამდენჯერმე სწორედ ამ მიზეზით გადაიდო.

"ვინტერესდებოდი რატომ გადაიდო ეს შეხვედრები. მერე მივხვდი, რომ ალბათ ამის გამო იყო, რომ, ალბათ, ამის გამო იყო რომ 12-დან 5-ზე, 5-დან 7-ზე და ა.შ. გადაიწია შეხვედრამ. საბოლოო ჯამში ასე გაირკვა. იყო მათი სახელები და მე თავიდან მეგონა, რომ შეიძლება ასე დაგეგმილი, რომ ჯერ ჩვენ უნდა შეგვხვდნენ, მერე ისინი მოვლენ ... ბოლოს ვიკითხე, ეს ხალხი სად არის, სად დაიკარგა ქართული ოცნება-მეთქი?! არ მოვიდნენო. მართლა შოკი მქონდა", — ამბობს ვაშაძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადები, შეხვედრაზე იმიტომ არ მივიდნენ, რომ ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებს სალაპარაკო ჰქონდათ ოპოზიციასთან და არა მათთან.

18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტია ადგილზე არ იმყოფებოდა. მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მიეცათ.

დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც გაზიარებულია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებაა, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.