დღეს პირველად ვიყავით
ცირკში მე და მამიკო.
მინდა გითხრათ, რაც ვნახე,
სასაცილო არ იყო...
გაგიგიათ, მაიმუნს
პომადა რომ წაესვას?
ანაც ველოსიპედზე
დათვის ბელი დაესვათ?
მე არც სპილო მინახავს
სკამზე შესკუპებული.
ლომი გახლდათ ჯდომისგან
ძალზე შეწუხებული.
ვეფხვი ცეცხლწაკიდებულ
ჰულაჰუპში გაძვრა და
მგონი, ფეხი დაიწვა,
ალბათ როგორ გაწვალდა.
მერე თეთრი ცუგები
ბეწვის ხიდზე ატარეს,
გადაუგდეს ბურთი და
ახლოს არ მიაკარეს.
დიდი რომ გავიზრდები,
ყველას ტყეში გავუშვებ.
ჩემი ცირკი მექნება
ცხოველების გარეშე.

თუთა ჯგუშია

სკამზე შესკუპებული და შეწუხებული სპილო, ცეცხლწაკიდებული ჰულაჰუპით შეშინებული ვეფხვი, ჯდომისგან შეწუხებული ლომი, დათვის ბელი ველოსიპედზე — ცირკში ცხოველებს ბედნიერებისა და უდარდელობის ხშირად არაფერი ეტყობათ. ცირკის ცხოველების ბედზე გული უამრავ ადამიანს შესტკივა, მათ შორის პატარებს, რომლებიც საყვარელ ცხოველებს უჩვეულო, არაბუნებრივ მდგომარეობაში ხედავენ და ამის შესახებ პირველი კითხვებიც უჩნდებათ.

უამრავი ადამიანისა და საკუთარი გულისტკივილი თუთა ჯგუშიამ ულამაზეს საბავშვო ლექსში ჩააქსოვა, რომელიც საკუთარ ფეისბუქ მეგობრებს გაუზიარა. ამ მშვენიერი ლექსის შესახებ On.ge მის ავტორს გაესაუბრა, რომელმაც შთაგონების წყაროზე, ცირკის მიმართ დამოკიდებულებასა და ბავშვებისთვის ემპათიისა თუ სხვა მნიშვნელოვანი გაკვეთილების სახალისო ხერხებით სწავლებაზე გვიამბო. ლექსისთვის ილუსტრაციები კი On.ge-ის გრაფიკულმა დიზაინერმა ანი მალაზონიამ შექმნა.

თუთა ჯგუშია პროფესიით ჟურნალისტია და ამჟამად მედიის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობს. საბავშვო ლექსების წერა შვილთან ერთად თამაშმა შთააგონა, როდესაც მისთვის სხვადასხვა შინაარსისა და ხასიათის ტექსტებს იგონებდა. თუთას სურდა, შვილისთვის ისეთი ტექსტები შეექმნა, რომელიც მისთვის ერთდროულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი და სახალისოც იქნებოდა.

ფოტო: ანი მალაზონია / On.ge

"მინდოდა მარტივი და სასაცილო ფორმით გამესვა ხაზი ჩვენ მიერ მოგონილი, სრულიად არასაჭირო აკრძალვებისთვის, რაც ბავშვებს თავისუფლებას უზღუდავს და და მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვისაც არ არის დიდად სასარგებლო".

ფოტო: ანი მალაზონია / On.ge

თუთა ჯგუშია თვლის, რომ საბავშვო ლექსების წერა საპასუხისმგებლოა და ნებისმიერი ადამიანი მას უდიდესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. თავად საკუთარ ლექსებს ფეისბუქ მეგობრებს უზიარებს, ისიც მაშინ, როდესაც დარწმუნებულია, რომ ლექსი სწორი მესიჯების მატარებელია და სხვა მშობლებსა და მათ შვილებს აუცილებლად გამოადგებათ. ზუსტად ასეთი შემთხვევა აღმოჩნდა ცირკის შესახებ დაწერილი ლექსიც, რომელშიც თუთა ბავშვის ენით გვიყვება, თუ როგორ პირობებში უწევთ ცხოველებს ცხოვრება და ცირკს მათ გარეშე ნატრობს.

ფოტო: ანი მალაზონია / On.ge

"ცირკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, როცა ბავშვებს ცხოველების სიყვარულს, მათ უსიტყვოდ გაგებას, მათზე ზრუნვას ვასწავლით, ცირკში მისულებს ის ხვდებათ, რაც არ გვინდა, რომ ცხოველებს გაუკეთონ. ვგულისხმობ მათთვის არაბუნებრივი გარემოს შექმნას, თავისუფლების შეზღუდვას, იძულებას, რომ რაღაცები აკეთონ და მერე ამაზე ვიცინოთ. შეიძლება, საცირკო წარმოდგენების დროს უზიანდებათ კიდეც მათ რამე, ან სტკივათ. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა; ცალსახად არაკომფორტული გარემოა მათთვის".

ფოტო: ანი მალაზონია / On.ge

თუთა ფიქრობს, რომ მისი სათქმელისთვის ლექსის ფორმა რომც არ მიეცა, ბავშვებს საცირკო წარმოდგენის ნახვისას უსაყვარლესი ცხოველების მიმართ თანაგრძნობა მაინც აუცილებლად გაუჩნდებოდათ. ამ შემთხვევაში მისი ლექსი, როგორც თავად ამბობს, "პატარა წკრიალა ზარის" ფუნქციას ასრულებს მათთვის, ვინც შესაძლოა, უცებ ვერ გაიაზროს საბრალო ცხოველების მდგომარეობა.

ფოტო: ანი მალაზონია / On.ge

თუთა თვლის, რომ ბავშვებთან სწორი სალაპარაკო ენის შერჩევა რთული, თუმცა აუცილებელია. თითოეულს, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რომელიც, თავის მხრივ, უშუალობას, გულწრფელობას, ბუნებრივობასა და თანასწორობას მოითხოვს. თუთას აზრით, ლექსები და ზღაპრები ბავშვებს მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლასა და კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევაში ეხმარება. ბავშვისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გაკვეთილი კი ნებისმიერი არსების სიყვარულია.

ფოტო: ანი მალაზონია / On.ge

"ჩემს შვილს ვეუბნები, რომ უნდა ვცადოთ, გავუგოთ ადამიანებს, მაგრამ ეს ადვილია, რადგან ისინი ლაპარაკობენ. ძალიან დიდი სიყოჩაღეა, როცა იმათი გესმის, ვინც ვერ მეტყველებს, ვერ გეუბნება, რა სჭირდება შენგან, როგორ უყვარხარ, ან სწყინს რამე, შია, სტკივა, თავის ბუნებრივ გარემოში უნდა, ა.შ. მგონია, რომ თუ ბავშვს ძაღლებთან ერთად უყვარს ხვლიკები და კალიებიც, მას მეგობრების ყოლის, მათზე ზრუნვისა და ემოციების გაზიარების პრობლემა არასდროს ექნება".

ფოტო: ანი მალაზონია / On.ge

თუთა ჯგუშია და მისი ლექსი იმის მაგალითია, რომ პატარებისთვის რაღაცის სწავლება აუცილებლად დატუქსვასთან ან დაძაბულ საუბართან სულაც არ უნდა ასოცირდებოდეს. სიყვარულს, ემპათიასა და სხვა მნიშვნელოვან გაკვეთილებს ისინი თამაშ-თამაშით, ლექსებითა და სხვა მხიარული ხერხებითაც მშვენივრად ითვისებენ.