ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი პარტიისთვის პრინციპულად მისაღებია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

"პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ლელო ყველა ამ პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. შეთანხმების მეორე მონაწილე, ქართული ოცნება ბოლო წუთში ჩაეხსნა შეხვედრას და ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და იმპულსურად მოქმედებენ, ტაც აზიანებს ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს მოქალაქეებს", — თქვა ხაზარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტია ადგილზე არ იმყოფებოდა. მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მიეცათ.

დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სვხა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც გაზიარებულია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადებაა, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: