სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე დღეს ახალ დოკუმენტზე იმსჯელებენ. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე არ იქნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა.

"მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება ახალი დოკუმენტი. ამ ახალ დოკუმენტში იქნება როგორც ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ასევე, ორივე პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტის გზა ნაჩვენები. შესაბამისად, თუ ეს საკითხები იქნება დაკმაყოფილებული, ასეთ შემთხვევაში, ვფიქობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. [...] ძველი დოკუმენტი არ იქნება, პირდაპირ გეტყვით, ზუსტად ვიცი, რომ არ იქნება ასეთი დოკუმენტი და ტყუილად ნუღა ვისაუბრებთ იმაზე, რაც არ იქნება", — თქვა ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობაში უკვე შეიკრიბნენ. უცნობია, მივიდა თუ არა ადგილზე უკვე ქართული ოცნება და შესაბამისად, დაიწყო თუ არა შეხვედრა.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაგეგმილი შეხვედრა დღეს უცნობი მიზეზით ორჯერ გადაიდო. საბოლოო შეხვედრას წინ უძღოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებდნენ, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს. აღსანიშნავია, რომ განცხადების ტექსტის მიხედვით, სავარაუდოა, რომ მიშელი მხარეებს ახალ დოკუმენტს წარუდგენს.

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს", — აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია აქამდე შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს. გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი.

ქართული ოცნების მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას წინ უძღოდა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. კობახიძის განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას პარტნიორები მიანიშნებენ, რომ მათ, როგორც მმართველმა პარტიამ კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯები უნდა გადადგან.

30 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თავდაპირველად ხელი არ მოაწერა არც მმართველმა პარტიამ.

კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საკითხები რამდენიმე პუნქტად იყო დაყოფილი. ის ეხებოდა:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას;
  • ამბიციურ საარჩევნო რეფორმას;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმას;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას;
  • მომავალ არჩევნებს.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.