ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობ იაკობაშვილი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ყოფილი ქმრის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. სასულიერო პირი ძალადობაზე პასუხად კითხვას სვამს: "პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე?".

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10 წლის წინ, 11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, ხო? კაცი სამსახურიდანაც ფაქტიურად გააგდეს, გააძევეს და მიზეზი — ძალადობა. პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? ერზე არ ძალადობთ? არ ძალადობთ ეკლესიაზე? არ ძალადობთ თითოეულ ადამიანზე? როგორ, თუ სადმე ძალადობა არ მოგწონთ, ეს მოგწონთ? თუ ჩვენც გავხდეთ თქვენსავით მოძალადეები, გინდათ? ცუდის გაკეთება ძალიან ადვილია, სიკეთის კეთებაა ძალიან ძნელი, გინდათ მასე? ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ", — თქვა იაკობმა ქადაგებისას.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.