19 აპრილიდან თბილისში უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ყოველ დღე, 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეძლებს. მგზავრობის ღირებულება ერთი ლარია და გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი. მგზავრობა უფასო იქნება სტუდენტებისთვის.

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.