თბილისში, ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა 16 აპრილს, საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრში, ხმოვანი პისტოლეტით, მძევლად ხელში ჩაიგდო სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.

"ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა. შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის ცხელ ხაზზე დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები დააყენა", — აღნიშნავენ უწყებაში.

ისინი არ აკონკრეტებენ, რას ითხოვდა ბრალდებული. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. პროკურატურაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნ.წ.-ს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით წარუდგინა, რაც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება — ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ეს მუხლი 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავლაბარში, საქართველოს ბანკის შენობაში, სავარაუდოდ, ერთი პირი 16 აპრილს შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. დაახლოებით ერთ საათში თავდამსხმელი დააკავეს და მძევლები გაათავისუფლეს.