ბოლო რამდენიმე კვირა საკმაოდ ცხელი და დაძაბულია — ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვისა და სამხედრო ძალის გამოყენებისთვის ემზადება. მართალია, რუსეთი ამას წვრთნებად ასაღებს, თუმცა სხვა ქვეყნის მიმართულებით ჯავშანტექნიკა გადააქვს.

"უკრაინას სჭირდება მეტი, ვიდრე სიტყვები"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო ბაზაზე ჩავიდა და ჯარისკაცებთან ერთად საბრძოლო წესებსა და ტაქტიკებს ეცნობოდა. ადგილზე იმყოფებოდა CNN-ის ჟურნალისტიც, რომელიც პარალელურად კითხვებს პოლიტიკურ მოლოდინებზე უსვამდა.

"უკრაინას მეტი სჭირდება, ვიდრე სიტყვები. შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ რა ხდება ახლა? რა მოისმინე? რას აკეთებენ ჩვენი მოქალაქეები აქ? ისინი იბრძვიან. ამიტომ, რა მოხდება მომავალში, მე არ ვიცი. მაგრამ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა და გადავწყვეტთ, სად უნდა ვიყოთ და სად არა", — უთხრა ზელენსკიმ ჟურნალისტს.

პრეზიდენტი ზელენსკი გამოსავალს საერთო უსაფრთხოების სისტემაში ხედავს — თუკი უკრაინა იქნება NATO-ს წევრი, რუსეთს აგრესიის ნაკლები ბერკეტი დარჩება.

ზელენსკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება, "ისინიც მზად დახვდებიან".

"2014 წლიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს [რუსეთის შემოჭრა] შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დღეს. ისინი მზად არიან. მაგრამ ჩვენც მზად ვართ, რადგან ჩვენ ვართ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე", — განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ჟურნალისტმა სიუჟეტის მიმდინარეობისას აღნიშნა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის "კარგი მეგობარია", მაგრამ ბაიდენმა "მეტი უნდა გააკეთოს" რუსეთის შეკავებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის ამბობს იმასაც, რომ მათ დონბასში სიტუაცია კონტროლის ქვეშ აქვთ და არმია უკვე რუსული სამხედროების შეჭრისთვის არის მზად.

"დეტალებს ვერ გავამჟავნებ. სიტუაცია დონბასში ახლა კონტროლის ქვეშაა, არსებობს გარკვეული საკითხები და ჩვენ მზად ვართ ამ საკითხების გადასაჭრელად. რაც ყველაზე მთავარია, არმია მზადაა. გვესმის, რომ მასმედიაში ყველანაირი ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ მსურს, უკრაინის მოქალაქეები მხოლოდ გენერალური შტაბისა და პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ განცხადებებს ენდონ", — აცხადებს ზელენსკი.

ბაიდენმა პუტინს "მესამე ქვეყანაში" შეხვედრა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უახლოეს თვეებში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა არც უკრაინაში და არც რუსეთში, არამედ მესამე ქვეყანაში. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ ბაიდენმა პუტინს სატელეფონო საუბრისას აცნობა.

მთავარი თემა, რაც მხარეებმა საუბრისას განიხილეს, ისევ უკრაინაა — ომის პირას მისული სახელმწიფო. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი განსაკუთრებულ მხარდაჭერას ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც აანონსებდა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისადმი, შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრების მიმდებარედ რუსული სამხედროების რიცხვის ზრდის გამო და რუსეთს დაძაბულობის განეიტრალებისკენ მოუწოდა.

უკრაინელი კონსულის სანქტ-პეტერბურგში დაკავების შემდეგ, მოსკოვი და კიევი დიპლომატებს აძევებენ

Euronews-ის ცნობით, რუსეთმა უკრაინელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, საპაუსუხოდ კი, კიევი რუს დიპლომატს აძევებს. რუსეთის უშიშროება უკრაინელ კონსულ ალექსანდრ სოსონიუკს რუსული ეფესბეს მონაცემთა ბაზიდან საიდუმლო ინფორმაციის მიღების მცდელობას ედავება. ამ მიზეზით ის რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულიც იყო.

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. საქმე ეხება ამერიკის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობას, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლასა და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმას. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თეთრ სახლში 15 აპრილს განაცხადეს.

ახალი ბრძანებულებით, რომელსაც ხელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა, 14 ივნისის შემდეგ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ამერიკელებისთვის ობლიგაციების გაყიდვას ვეღარ შეძლებენ.

ჩეხეთი ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს აძევებს

2014 წელს მომხდარი აფეთქების საქმეზე, ჩეხეთი ქვეყნიდან რუსეთის 18 დიპლომატს აძევებს. ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი.

სამეფო ოჯახი პრინც ფილიპს დაემშვიდობა

დედოფალ ელიზაბეტ II-ის ქმარი და ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი, 17 აპრილს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია უინძორების სასახლეში, წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა.

სამეფო წესების მიუხედავად, ცერემონია მოკრძალებულად ჩატარდა. ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით, მას მხოლოდ 30 ადამიანი ესწრებოდა, რომელთა შორისაც სამეფო ოჯახის წევრები, ნათესავები და ფილიპის ახლო მეგობრები იყვნენ.

ფილიპის სასახლე პროცესიამ ტაძარში გრენადერის წინამძღოლობით მიაბრძანა. მას მალევე მიჰყვენ სამეფო ოჯახის წევრები, დედოფალი კი ცერემონიაზე მარტო მივიდა.

სროლის შედეგად, ინდიანაპოლისში 8 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე დაშავდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდიანაპოლისში სროლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ FedEx-თან (Federal Express) რამდენიმე გასროლის ხმა იყო, ერთ-ერთის ცნობით კი, ერთი კაცი ავტომატური იარაღით იდგა. აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთს ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის ჯარები ავღანეთის 11 სექტემბრისთვის დატოვებენ. ახალი "დედლაინი" მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლის თავს დაემთხვევა.

"დროა, ამერიკამ მისი ყველაზე ხანგრძლივი ომი დაასრულოს" — განაცხადა ბაიდენმა საჯარო მიმართვაში.

ამერიკას ავღანეთში დაახლოებით 3 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ ორი დეკადის მანძილზე ქვეყანამ იქ 2 300-მდე ჯარისკაცი დაკარგა, ათობით ათასი კი დაიჭრა. გარდა ამისა, აშშ-მ ომში 2 ტრილიონზე მეტი დოლარი დახარჯა.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა 3-კვირიანი შიმშილის შემდეგ მკაფიოდ გაუარესდა და ის "სიკვიდილის პირას" იმყოფება.

ექიმმა იაროსლავ აშიხმინმა 18 აპრილს თქვა, რომ ნავალნისგან მიღებული ტესტის შედეგები აჩვენებს მის ორგანიზმში კალიუმის მკვეთრად მომატებულ დონეს, რასაც გულის გაჩერება შეუძლია. გარდა ამისა, მომატებულია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების პრობლემაზე მიუთითებს.