შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 აპრილს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს 29 წლის კაცმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს მინის ბოთლის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

"დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. პოლიციამ ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა", — აცხადებენ შსს-ში.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.