ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტი და მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციიდან გაძევებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე აცხადებს, რომ მათ ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ის, ასევე, ამბობს, რომ მაჩალიკაშვილმა მათთან საუბარში სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი დაადასტურა.

"ინტერნეტ სივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მაჩალიკაშვილი აქციიდან გააძევეს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და არანაირი კავშირი ამ ყველაფერთან არ გვაქვს", — ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ისინი მალხაზ მაჩალიკაშვილსაც დაუკავშირდნენ და თავიანთი პოზიცია გააცნეს.

"ზოგადად, აქ მოსვლას რაც შეეხება არავისთვის აკრძალული არ არის. თუ რამე დაპირისპირება მოხდა, ჩვენ ყველანაირ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით. გამომდინარე აქედან არ გვინდა, ამ თემას შემდეგი გაგრძელებები მოჰყვეს ინტერნეტსივრცეში, რომ თითქოს ჩვენ დაპირისპირება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანთან და გვინდოდა ამასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა განცხადება, რომ აღარ იყოს სპეკულაცია", — განაცხადა გოლეთიანმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ აქციაზე სხვადასხვა შეხედულების ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, რისი კონტროლიც მათთვის შეუძლებელია.